საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 კინოს სექცია გაიხსნა განათლების
სახალხო კომისარიატში. 1923-1928 წლებში ეს სექცია საქკინმრეწველობად
ჩამოყალიბდა. ქართულ კინოწარმოებაში აქტიურად ჩაებნენ რუსეთიდან ჩამოსული
რეჟისორები: ივანე პერესტიანი, ამო ბეკ-ნაზაროვი, ვლადიმერ ბარსკი. პერესტიანმა ქართულ კინოში რევოლუციური თემატიკა შეიტანა. აღსანიშნავია მისი ფილმები „არსენა ყაჩაღი“ (1921 წ.) „სურამის ციხე“ (1922 წ.) „წითელი ეშმაკუნები“ (1923 წ.) მაყურებელთა მოწონებას იმსახურებდა ალექსანდრე წუწუნავას ფილმები „ვინ არის დამნაშავე“ (1925 წ.) „ხანუმა“ (1926 წ.) „ჯანყი გურიაში“ (1928 წ.). წუწუნავას ფილმებში მონაწილეობდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. 1924-1929 წლებში ქართულ კინოში მოღვაწეობდა თეატრის რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
ნატო ვაჩნაძე და ვანო სარაჯიშვილი- კინოფილმში „მამის მკვლელი“
წუწუნავამ და მარჯანიშვილმა გაუკვალეს გზა ახალი თაობის ქართველ კინემატოგრაფებს, მიხეილ კალატოზიშვილს, მიხეილ ჭიაურელს, კოტე მიქაბერიძეს, ნიკოლოზ შენგელაიას. კინორეჟისორების ამ ახალმა თაობამ შექმნა ისეთი ფილმები, „ელისო“ (1928), „ჩემი ბებია“ (1929), „ჯიმ შვანთე“ (1930) და „ხაბარდა“ (1931). ამ პერიოდის ზოგიერთი ფილმი, ავანგარდისტული „ჩემი ბებია“ და „ლურსმანი ჩექმაში“ საბჭოთა ცენზურამ აკრძალა.
30-40-იანი წლების ქართულ კინოს საბჭოთა სახელმწიფოებრიია იდეოლოგია სოციალისტური რეალიზმი
განსაზღვრავდა. ამ პერიოდის ფილმებს ხშირად პროპაგანდისტული, სააგიტაციო
ხასიათი ჰქონდათ. ასეთ ფილმებს შორის აღსანიშნავია მიხეილ ჭიაურელის
ეპიკურ-ისტორიული ფილმები „არსენა“ (1937), „გიორგი სააკაძე“ (1942-43), „დიადი განთიადი“ (1938 წ.), „ფიცი“ (1946 წ.), „ბერლინის დაცემა“ (1950 წ.), „დაუვიწყარი 1919 წელი“ (1952 წ.). ამავდროულად, 30-40-იან წლებში იქმნებოდა კომედიური ფილმები „ჟუჟუნას მზითევი“ (1934 წ.) „დაკარგული სამოთხე“ (1937 წ.) „ქეთო და კოტე“ (1948 წ.)
40-იან წლებში, დიდი სამამულო ომის
დროს შემცირდა ფილმების წარმოება. ქართული კინოს აღორძიენება დაიწყო
50-იან წლებში. 1953 წელს სახკინმრეწვის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო
კინოსტუდია „ქართული ფილმი“, სადაც ხდებოდა ყველა ქართული ფილმის გადაღება. საეტაპო ფილმი იყო რეზო ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის „მაგდანას ლურჯა“, რომელიც ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის ეკრანიზაცია იყო. მას, ისევე როგორც აბულაძის სხვა ფილმს „სხვისი შვილები“ იტალიური ნეორეალიზმის გავლენა იგრძნობოდა. პოპულარობით სარგებლობდა რეზო ჩხეიძის ჰეროიკული დრამა „ჯარისკაცის მამა“ და მთავარი როლის შემსრულებელი სერგო ზაქარიაძე.
რეჟისორების ახალი ტალღა საქართველოში 60-იანი წლებიდან გამოჩნდა. 60-70-იანი წლები ქართული კინოს აღორძინების პერიოდია. ამ დროს მოღვაწეოდბნენ ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი
და სხვები. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები გამოირჩეოდა საბჭოთა
კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. მკაცრი ცენზურის პირობებში ქართველი
კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ თავი აერიდებინათ ოფიციალური
პროპაგანდისთვის და შეხბოდნენ აქტუალური სოციალური და ზნეობრივ პრობლემებს.
ამიტომაც ქართულ კინოში იგავური ფორმა დამკვიდრდა. ფილმები „თეთრი ქარავანი“ (1963 წ.) „ალავერდობა“ (1963 წ.), „გიორგობისთვე“ (1966 წ.), „დიდი მწვანე ველი“ (1967 წ.) „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968 წ.) არსებული სოციალური სისტემის შეფარული კრიტიკა იყო.
60-იანი წლებშივე რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ
სათავე დაუდო ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს სერიას. მან ორიგინალურად
გაიაზრა მუნჯი კინოს. 70-იან წლებში ბევრი მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმი
შეიქმნა: ბაადურ წულაძის „ფეოლა“ (1970 წ.), ირაკლი კვირიკაძის „ქვევრი“ (1970 წ.) გურამ პატარაიას „რეკორდი“ (1973 წ.). დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1975-1978 წლებში გამოსული მრავალსერიიანი ფილმი „დათა თუთაშხია“, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გაბესკირიამ ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახლწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. აბრაგის როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნა თავისი უკანასკნელი ნამუშევრები: „ამბავი სურამის ციხისა“ (1984 წ.) და „აშუღ-ყარიბი“ (1988 წ.) სერგო ფარაჯანოვმა, რომლის ხელოვნება აღმოსავლური კულტურის ტრადიციებიდან და თბილისური ფოლკლორიდან იღებს სათავეს.
1972 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ
ინსტიტუტში შეიქმნა კინოხელოვნების ფაკულტეტი, ხოლო თავად ინსტიტუტი
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ინსტიტუტმა
ქართველი კინემატოგრაფისტების ახალი თაობა დაბადა: თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, ალეკო ცაბაძე, გოდერძი ჩოხელი, ნანა ჯანელიძე, ლევან თუთბერიძე და სხვები. მათი მოღვაწეობა საბჭოთა კავშირი ნგრევას და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს დაემთხვა. ამის გამო მათ მხოლოდ რამდენიმე ფილმის გადაღება მოახერხეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий